English / ქართული / русский /
ირინე მამალაძემაია კაპანაძე
ფირმის რესტრუქტურიზაცია საბაზრო ეკონომიკის პირობებში

ანოტაცია

საბაზრო ეკონომიკაში ნებისმიერი ფირმის მთავარი მიზანია მოგების მაქსიმიზაცია. ეს გამუდმებით აძლიერებს ტრანსნაციონალური კორპორაციების როლს მსოფლიო ბაზარზე. რაც შეეხება შერეულ ეკონომიკას, აქ მთავარი მიზანი პროდუქციის, ფირმისა და მთელი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა. ფირმების კონკურენტული უპირატესობები უზრუნველყოფენ არა ერთჯერად მაქსიმალურ მოგებას, არამედ ოპტიმალურ შემოსავალს საშუალო- და გრძელვადიან პერსპექტივაში. წარმოებული პროდუქციის ბაზარზე იმ ფირმას აქვს გადარჩენის შანსი, რომელსაც მეტი კონკურენტული უპირატესობები აქვს, და არა იმას, რომელსაც მოგება აქვს მაქსიმალური. ასეთ პირობებში რესტრუქტურიზაციის მთავარი ამოცანა ხდება ფუნქციონირების ახალ პირობებზე მორგება, აგრეთვე, ფირმის გარდაქმნა ისეთ მოქნილ სისტემად, რომელსაც მოკლე ხანში შეეძლება გარემოს ცვლილებების შესაფერისად გადაწყობა.

საკვანძო სიტყვები: რესტრუქსტურიზაცია; დემოგრაფია; საწარმოთა პრივატიზაცია; ხისტი კრიტერიუმი; ელასტიური კრიტერიუმი.

შესავალი

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფირმების რესტრუქტურიზაცია მიზნად ისახავს გარემოს ცვალებად პირობებთან სწრაფად შეგუებას, მართვის მობილობას, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლების ზრდას.

საწარმოო-სამეურნეო საქმიანობაში დამოუკიდებლობის მქონე ფირმები ინდივიდუალურად აგებენ თავიანთ სტრუქტურებს. ამას განსაზღვრავს ფირმის წინაშე მდგარი ამოცანებისა და მათი მიღწევის მეთოდების კომპლექსი. ფირმების სტრუქტურას სრულიად განსხვავებული კონფიგურაცია შეიძლება ჰქონდეს, რომელიც იცვლება დროსა და სივრცეში. სტრუქტურა შეიძლება წარმოდგენილი იყოს სამეურნეო ამხანაგობებითა და საზოგადოებებით, საფინანსო-სამრეწველო ჯგუფებით, აქციონერული ტიპის მრავალდონიანი კომპანიებით ან ისეთი ტრანსნაციონალური კომპანიებით, რომელთა შემადგენლობაში შემავალ ფირმებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტრუქტურები შეიძლება ჰქონდეთ. მათ ცვლილებებს იწვევს ფირმების საქმიანობის სტრატეგიული მიზნები, კორუფციასთან ბრძოლისა და ბიუროკრატიული აპარატის შემცირების ტენდენციები, ფირმების ერთმანეთთან შერწყმა ან, პირიქით, დამოუკიდებელი ბიზნესების გამოყოფა.

საწარმოთა რესტრუქტურიზაცია მუდმივი დინამიკური პროცესია. საქართველოში გატარებული რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი საწარმოთა რესტრუქტურიზაციის დაგვიანებაა.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფირმების რესტრუქტურიზაცია მიზნად ისახავს გარემოს ცვალებად პირობებთან სწრაფად შეგუებას, მართვის მობილობას, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლების ზრდას. ფირმის რესტრუქტურიზაციის (რეფორმირების)  პროცესი შემდეგ ძირითად ფაქტორებზეა დამოკიდებული:

v ფირმის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე;

v მისი საქმიანობის მიზნებსა და პრიორიტეტებზე;

v ფირმის მართვის ტიპზე;

v სპეციალიზაციის დონესა და კოოპერაციული კავშირების განვითარებაზე;

v შიდა და გარე ინვესტიციების დინამიკაზე;

v სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მასშტაბზე;

v ეკონომიკაში ეროვნული პრიორიტეტების სისტემაზე.

თითოეული ეს ფაქტორი თავისებურად მოქმედებს ფირმის რესტრუქტურიზაციის (რეფორმირების) ხასიათსა და ეფექტიანობაზე. 

საწარმოო-სამეურნეო საქმიანობაში დამოუკიდებლობის მქონე ფირმები ინდივიდუალურად აგებენ თავიანთ სტრუქტურებს. ამას განსაზღვრავს ფირმის წინაშე მდგარი ამოცანებისა და მათი მიღწევის მეთოდების კომპლექსი. ფირმების სტრუქტურას სრულიად განსხვავებული კონფიგურაცია შეიძლება ჰქონდეს, რომელიც იცვლება დროსა და სივრცეში. სტრუქტურა შეიძლება წარმოდგენილი იყოს სამეურნეო ამხანაგობებითა და საზოგადოებებით, საფინანსო-სამრეწველო ჯგუფებით, აქციონერული ტიპის მრავალდონიანი კომპანიებით ან ისეთი ტრანსნაციონალური კომპანიებით, რომელთა შემადგენლობაში შემავალ ფირმებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტრუქტურები შეიძლება ჰქონდეთ. მათ ცვლილებებს იწვევს ფირმების საქმიანობის სტრატეგიული მიზნები, კორუფციასთან ბრძოლისა და ბიუროკრატიული აპარატის შემცირების ტენდენციები, ფირმების ერთმანეთთან შერწყმა ან, პირიქით, დამოუკიდებელი ბიზნესების გამოყოფა.

ფირმის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა გავლენას ახდენს რესტრუქტურიზაციის ღონისძიებათა მთელ კომპლექსზე. მაგალითად, სრულ ამხანაგობაში პირველი რიგის ზომები იქნება მოწყობილობის მოდერნიზება, პროდუქციის ხარისხის კონტროლი, შრომის ნაყოფიერების ამაღლება და კადრების დენადობის შემცირება და ა.შ.; აქციონერულ საზოგადოებაში რესტრუქტურიზაცია, ალბათ, დაიწყება საკუთრების გადანაწილებით მართვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით; ჰოლდინგებში, საფინანსო-სამრეწველო ჯგუფებსა და სხვა სახის კორპორაციებში - ფასიანი ქაღალდების პორტფელის „წმენდით“ (პორტფელიდან ზარალიანი ან დაბალეფექტიანი ფირმების ფასიანი ქაღალდების ამოღებით), პორტფელში აქცენტების გადასმით (იმ საწარმოების ფასიანი ქაღალდების დამატებითი პაკეტების შეძენით, რომლებითაც კორპორაციაა დაინტერესებული) და ა.შ.

ფირმებისა და ორგანიზაციების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები, როგორც ვიცით, საკუთრების ფორმებსა და უფლებებზეა დაფუძნებული. იმას, თუ საკუთრების რომელი (კერძო, სახელმწიფო და ა.შ.) ფორმის მქონე ორგანიზაციები ჭარბობს ქვეყნის ეკონომიკაში, რომელ დარგში ფუნქციონირებენ ისინი, როგორია ფირმებისა და ორგანიზაციების შექმნისა და ოფიციალური ლიკვიდაციის დინამიკა, სხვა დისციპლინებთან ერთად სწავლობს სტატისტიკის ახალი დარგი, რომელსაც ფირმებისა და ორგანიზაციების დემოგრაფიას უწოდებენ და რომლის ძირითადი პრობლემაა საწარმოების „დაბადებისა და კვდომის“ პრობლემები.[1]

მარტო 2003-2010 წლებში საქართველოში მოხდა 4300-მდე მსხვილი და მცირე საწარმოს პრივატიზება. ახალი კერძო მესაკუთრეები ხშირ შემთხვევებში ვერ ასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებებს, რაც მათ ხშირ ცვლას იწვევდა. უკვე 2008 წლისათვის საგრძნობლად შემცირდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოთა რაოდენობა, მსხვილი საწარმოებიდან კი მხოლოდ რამდენიმე (რკინიგზა, მაგისტრალური გაზსადენი და ენერგოობიექტები) დარჩა სახელმწიფოს ხელში. [2]

საბაზრო ეკონომიკაში ნებისმიერი ფირმის მთავარი მიზანია მოგების მაქსიმიზაცია. ეს გამუდმებით აძლიერებს ტრანსნაციონალური კორპორაციების როლს მსოფლიო ბაზარზე. რაც შეეხება შერეულ ეკონომიკას, აქ მთავარი მიზანი პროდუქციის, ფირმისა და მთელი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა. ფირმების კონკურენტული უპირატესობები უზრუნველყოფენ არა ერთჯერად მაქსიმალურ მოგებას, არამედ ოპტიმალურ შემოსავალს საშუალო- და გრძელვადიან პერსპექტივაში. წარმოებული პროდუქციის ბაზარზე იმ ფირმას აქვს გადარჩენის შანსი, რომელსაც მეტი კონკურენტული უპირატესობები აქვს, და არა იმას, რომელსაც მოგება აქვს მაქსიმალური. ასეთ პირობებში რესტრუქტურიზაციის მთავარი ამოცანა ხდება ფუნქციონირების ახალ პირობებზე მორგება, აგრეთვე, ფირმის გარდაქმნა ისეთ მოქნილ სისტემად, რომელსაც მოკლე ხანში შეეძლება გარემოს ცვლილებების შესაფერისად გადაწყობა.

ფირმების მართვაში მეტწილ შეცდომებს სტრატეგიების უქონლობა იწვევს, რის გამოც ისინი მოკლევადიან შედეგებზე არიან ორიენტირებულები. ხელმძღვანელობა ყოველთვის ღრმად არ იცნობს ბაზრის კონიუნქტურას, ფინანსური მენეჯმენტის და წარმოების ხარჯების მართვის ეფექტიანობა კი საკმაოდ დაბალია. პერსონალის მართვის არაეფექტიანობა აქვეითებს მის დაინტერესებასა და შრომის ნაყოფიერებას და ზრდის კადრების დენადობას. ამ შემთხვევაში  რესტრუქტურიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ფირმების მართვის დარგობრივი ტიპიდან კორპორატიულ ტიპზე გადასვლა. ეს ხელს უწყობს პროდუქციის დივერსიფიკაციას, პროგრამულ-მიზნობრივი დაგეგმვის განვითარებას, ტექნოლოგიების გაუმჯობესებას და ა.შ.

საგეგმო მეურნეობის პირობებში არსებული სამეურნეო კავშირურთიერთობების რღვევის შემდეგ საწარმოების რესტრუქტურიზაციის ერთ-ერთი მიმართულება კოოპერირებული წარმოებისა და შიდა კორპორაციული სპეციალიზაციის ბაზაზე სამეურნეო კავშირების აღდგენა გახდა. ერთი დარგის ფირმები შეიძლება ჰოლდინგებში, ასოციაციებსა და კონცერნებში ერთიანდებოდნენ, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების ფირმები კი - საფინანსო-სამრეწველო ჯგუფებში. ასეთი ჯგუფები აერთიანებენ საწარმოო სფეროს ფირმებს, საფინანსო და სავაჭრო - საშუამავლო ორგანიზაციებს. ფირმები და ორგანიზაციები მცირე დროითაც შეიძლება ერთიანდებოდნენ სამეწარმეო კავშირებში, რისი მიზანიცაა ამა თუ იმ კონკურენტული უპირატესობის მიღწევა.

რესტრუქტურიზაციისათვის საჭირო ოდენობით ინვესტიციების მობილიზება ორი მიდგომითაა შესაძლებელი: სახელმწიფო (ადმინისტრაციული შეზღუდვები და სახელმწიფო კონტროლის გაძლიერება) და საბაზრო (კაპიტალის გატანისათვის არახელსაყრელი ეკონომიკური პირობების შექმნა). წლების მანძილზე საქართველოში ჩამოყალიბდა შიდა და გარე ფინანსური რესურსების კონცენტრაციის ერთგვარი სამკუთხედები: „ბანკი-ინვესტიციები-მშენებლობა/უძრავი ქონება“ და „ბანკი-მოხმარება-ვაჭრობა“. პირველმა სამშენებლო ფირმებისა და უძრავი ქონების სექტორის „გაბერვა“ გამოიწვია,  არასაინვესტიციო ბუნების მქონე აქტივები გააფართოვა და მწარმოებლური ფირმების განვითარებას მოაკლო ფინანსური რესურსები,  მეორემ კი ინფლაციურ პროცესებს შეუწყო ხელი და არა-უზრუნველყოფილი საკრედიტო ვალდებულებების პრობლემა შექმნა.[3]

რესტრუქტურიზაცია იმ ფირმებზეც ვრცელდება, რომლებსაც დაბალი ეკონომიკური ეფექტიანობა, მაგრამ დიდი სოციალური მნიშვნელობა აქვთ. ასეთი ფირმების რესტრუქტურიზაციის პროცესში სახელმწიფოს ჩარევას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. განვითარებულ საბაზრო ეკონომიკურ სისტემებშიც კი განვითარების ინვესტირებას ასეთ შემთხვევებში სახელმწიფო ახორციელებს. ამ პროცესში იგი იყენებს ინვესტირების როგორც პირდაპირ, ისე ირიბ მეთოდებს, აგრეთვე, საგადასახადო, საკრედიტო და ფასების პოლიტიკის ოპტიმალურ კომბინაციას. გარდა ამისა, მსოფლიო ბაზრის მაღალი კონკურენტული გარემოს პირობებში აუცილებელი ხდება პროტექციონისტული ღონისძიებების გატარება გონივრული ზომით და სტრატეგიულ მიმართულებებზე.

2010 წ. 17 სექტემბერს მიღებული ახალი საგადასახადო კოდექსით დაწესებულია 6 გადასახადი, რომელთაგან 5 (საშემოსავლო, მოგების, დღგ, აქციზი და იმპორტის გადასახადი) საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია, 1 კი (ქონების გადასახადი) - ადგილობრივი, თუმცა, ეს ნაკლებად აისახა საგადასახადო ტვირთის შემცირებაზე[4].

საინვესტიციო სახსრების უკიდურესად შეზღუდვის გამო ქვეყანაში ჩნდება მათი დაბანდების ეროვნული პრიორიტეტების შერჩევის პრობლემა. სტრუქტურულ გარდაქმნათა გატარება წინ წამოსწევს ეკონომიკის სექტორების შემდეგ ჯგუფებად რანჟირების ახალი სისტემის საკითხს:

  • საბაზო სექტორებად, რომლებიც წამყვანია მშპ-ის სტრუქტურაში და განსაზღვრავს მსოფლიო ბაზარზე ეროვნული ეკონომიკის დამოუკიდებლობას;
  • ისეთ პერსპექტიულ სექტორებად, რომლებიც ეკონომიკური ზრდის ბაზას განსაზღვრავენ;
  • არაპერსპექტიულ სექტორებად, რომლებიც ნაწილობრივ უნდა შეიკვეცოს ან გაუქმდეს.

ფირმებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობა აქვს პრიორიტეტულ სექტორებამდე საინვესტიციო რესურსების დაყვანის მექანიზმის შექმნის პრობლემას. მის მოსაგვარებლად მთავრობამ უნდა შეიმუშაოს პრიორიტეტული სახელმწიფო პროგრამები, რომელთა დაფინანსება მოხდება მიზნობრივად და შეღავათიანი პირობებით. ეროვნული პრიორიტეტების გრძელვადიანი პროგრამა მეცნიერებატევადი წარმოების განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

თუ საწარმო პრივატიზაციისთვის არაა განკუთვნილი, მაშინ რესტრუქტურიზაცია შუალედურ ეტაპად ხორციელდება, რომელიც პრივატიზაციას უსწრებს.  საქართველოში პრივატიზაცია ხშირად რესტრუქტურიზაციამდე ხორციელდებოდა, რადგან საწარმოთა სტრუქტურული გარდაქმნისა და გაჯანსაღებისთვის საჭირო ინვესტიციები არ არსებობდა. ამიტომ ამ პროცესს თან ახლდა მასობრივი უმუშევრობა და წარმოების მკვეთრი დაცემა, რამაც საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა გაახანგრძლივა და გაართულა.

რესტრუქტურიზაცია ხშირად არასწორად იყო გაგებული და მასში საწარმოს წვრილ ერთეულებად დანაწევრებას გულისხმობდნენ, რომლებსაც კოლექტივის წევრები ან მათი ხელმძღვანელები ეპატრონებოდნენ. ასეთი დანაწევრება იწვევდა საწარმოო აპარატის დაშლას, მის გაყიდვას ჯართის სახით, რაც არაერთხელ დაფიქსირდა ცალკეულ დარგებში, მათ შორის - მსუბუქ და კვების მრეწველობაში, მანქანათმშენებლობაში, საყოფაცხოვრებო მომსახურებაში და ა.შ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია საწარმოთა რესტრუქტურიზაციის მსოფლიოში გამოცდილი მეთოდების თანმიმდევრულად გამოყენება.

საწარმოთა რესტრუქტურიზაცია მუდმივი დინამიკური პროცესია. საქართველოში გატარებული რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი საწარმოთა რესტრუქტურიზაციის დაგვიანებაა. ჯერ კიდევ მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების პროგრამა ითვალისწინებდა საწარმოთა პრივატიზაციისა და რესტრუქტურიზაციის განხორციელებას: საშუალო და მსხვილი საწარმოების პრივატიზებას 40%-მდე 1994 წელს, სახელმწიფოს სანაციური პოლიტიკის განსაზღვრას 1993-1994 წლებში და ა.შ. რეფორმის პირველ ეტაპზე (1996 წლამდე) წინა პლანზე ფინანსური წონასწორობის პრობლემა წამოიწია საწარმოთა რესტრუქტურიზაციის მნიშვნელობის შეუფასებლობის ფონზე, მაგრამ მომდევნო პერიოდში საწარმოთა რესტრუქტურიზაციის სერიოზული შეფერხება და დაგვიანება გაუმართლებელი იყო. ამასთან, აუცილებელი იყო სახელმწიფოს გაეტარებინა ქმედითი ინსტიტუციური და ფინანსური ღონისძიებანი რესტრუქტურიზაციის დროულად განხორციელებისთვის.

პოსტსოციალისტური ქვეყნებისა და საქართველოს გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საწარმოთა რესტრუქტურიზაციის მართვა მაჩვენებელთა გარკვეულ სისტემას უნდა ემყარებოდეს. ესენია:

1.  რენტაბელობის დონე;

2. დადებითი ოპერაციული ნაკადი, ანუ საწარმოს გაყიდვის შედეგად მიღებულ შემოსავლებს გამოკლებული წარმოების ფუნქციონირების ღირებულება;

 3.  ოპერაციული ფულადი ნაკადი, ანუ მისი წილი გაყიდვების მოცულობის მიმართ;

 4. სამუშაო ძალის მწარმოებლურობა, რომელიც განისაზღვრება როგორც დამატებული ღირებულება საწარმოო ფუნქციონირების ღირებულების გამოკლებით (ხელფასის გარეშე), გაყოფილი დახარჯული ადამიან-საათების რაოდენობაზე ან მუშაკთა საერთო რაოდენობაზე;

 5.  თითოეული ფაქტორის - სამუშაო ძალის, მატერიალური რესურსების, კაპიტალის მწარმოებლურობა.

საწარმოთა რესტრუქტურიზაციის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას ამ მაჩვენებლების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი მართვა უნდა ედოს საფუძვლად. ამასთან, პრიორიტეტი უნდა გახდეს საწარმოს კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა როგორც შიდა, ისე მსოფლიო ბაზრებზე.[5]

 ფირმების რესტრუქტურიზაციის ჩატარების ეფექტიანობა მისი კრიტერიუმების განსაზღვრასთანაა დაკავშირებული. ისინი ორი ტიპისაა: ხისტი, რომელთა რაოდენობრივად გაზომვაც შესაძლებელია, და ელასტიკური, რომელთა გაზომვაც შეუძლებელია. მათი შემადგენლობა 1.1 სურათზეა მოყვანილი.    

ხისტი კრიტერიუმების თანახმად, ინვესტორების მიერ რეკომენდებული ცვლილებები ფირმებმა ისე უნდა განახორციელონ, რომ შესაძლებელი იყოს მიღებული პოზიტიური შედეგების გაზომვა და დოკუმენტურად დადასტურება. თუმცა, ზოგიერთ ეკონომიკურ პირობებში ამ კრიტერიუმების გამოყენებას მთელი რიგი შეზღუდვები აქვს, რასაც იწვევს მოგების მაქსიმიზაციის სტიმულების უქონლობა (მისი დამალვა); დანახარჯების შემცირება პერსონალის შეკვეცის ან დაბალი ხარისხის ნედლეულისა და მასალების გამოყენების გამო; საინვესტიციო რესურსების არამიზნობრივად გამოყენება; ფინანსური რესურსების ნაკადების კონტროლის უქონლობა და ა.შ.

ამგვარად, ფირმის რესტრუქტურიზაცია ეფექტიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ მაშინ, თუ დოკუმენტურად შეიძლება იმის დამტკიცება, რომ შემოთავაზებულ ცვლილებათა ხორცშესხმამ უზრუნველყო სტრატეგიული მიზნების მიღწევა საშუალოვადიან პერსპექტივაში (გასაღების ბაზრის გაფართოება, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და გაყიდვათა მოცულობის გადიდება). თუ ფირმის შემოსავლები უცაბედად მატულობს სასაქონლო - მატერიალური მარაგების გაყიდვის შედეგად, ეს ერთჯერადი მოვლენაა და რესტრუქტურიზაციის კრიტერიუმად იგი არ გამოდგება. 

  

სურ.  1.1.    რესტრუქტურიზაციის ეფექტიანობის კრიტერიუმები

ელასტიკური კრიტერიუმები ფირმის რესტრუქტურიზაციის იმ დადებით შედეგებს ითვალისწინებენ, რომლებიც ადამიანურ კაპიტალში განხორციელებულ გრძელვადიან ინვესტიციებს შეიძლება მივაკუთვნოთ. თუ ფირმის ხელმძღვანელებს არ ჰყოფნით საბაზრო პირობებში მუშაობისათვის საჭირო მრავალფეროვანი მმართველობითი და პროფესიული უნარ - ჩვევები, მაშინ რესტრუქტურიზაციის უმნიშვნელოვანესი ელემენტი ხდება მმართველი პერსონალის მიერ პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზების გაცნობა, სტრატეგიული დაგეგმვისა და კონკურენტულ უპირატესობათა გამოყენების უნარების შეძენა, აგრეთვე, კონკურენტული ნაკლოვანებების ნეგატიური გავლენის შემცირება.

ეფექტიანობის ხისტი და ელასტიკური კრიტერიუმები ამა თუ იმ ზომით მოქმედებენ ერთმანეთზე. მაგალითად, მმართველი პერსონალის მიერ ფინანსების სფეროში კვალიფიკაციის ამაღლება ფირმის ფინანსური რესურსების უფრო რაციონალურად გამოყენებისა და ეფექტიანად გაკონტროლების შესაძლებლობას ქმნის, რაც მისი დანახარჯების ოპტიმიზაციაზე, მომგებიანობასა და რენტაბელობაზე აისახება. ამიტომ იმის მიუხედავად, რომ ელესტიკური კრიტერიუმების შეფასება ძნელია, ისინი ფირმის საქმიანობაში გაცილებით უფრო პოზიტიურ პროცესებს ასახავდნენ მისი რესტრუქტურიზაციის შედეგების მიხედვით.

დასკვნა

პოსტსოციალისტური ქვეყნებისა და საქართველოს გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საწარმოთა რესტრუქტურიზაციის მართვა მაჩვენებელთა გარკვეულ სისტემას უნდა ემყარებოდეს. ესენია:

1.  რენტაბელობის დონე;

2. დადებითი ოპერაციული ნაკადი, ანუ საწარმოს გაყიდვის შედეგად მიღებულ შემოსავლებს გამოკლებული წარმოების ფუნქციონირების ღირებულება;

3.  ოპერაციული ფულადი ნაკადი, ანუ მისი წილი გაყიდვების მოცულობის მიმართ;

4. სამუშაო ძალის მწარმოებლურობა, რომელიც განისაზღვრება როგორც დამატებული ღირებულება საწარმოო ფუნქციონირების ღირებულების გამოკლებით (ხელფასის გარეშე), გაყოფილი დახარჯული ადამიან-საათების რაოდენობაზე ან მუშაკთა საერთო რაოდენობაზე;

5. თითოეული ფაქტორის - სამუშაო ძალის, მატერიალური რესურსების, კაპიტალის მწარმოებლურობა.

საწარმოთა რესტრუქტურიზაციის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას ამ მაჩვენებლების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი მართვა უნდა ედოს საფუძვლად. ამასთან, პრიორიტეტი უნდა გახდეს საწარმოს კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა როგორც შიდა, ისე მსოფლიო ბაზრებზე.

ფირმების რესტრუქტურიზაციის ჩატარების ეფექტიანობა მისი კრიტერიუმების განსაზღვრასთანაა დაკავშირებული. ისინი ორი ტიპისაა: ხისტი, რომელთა რაოდენობრივად გაზომვაც შესაძლებელია, და ელასტიკური, რომელთა გაზომვაც შეუძლებელია.

ხისტი კრიტერიუმების თანახმად, ინვესტორების მიერ რეკომენდებული ცვლილებები ფირმებმა ისე უნდა განახორციელონ, რომ შესაძლებელი იყოს მიღებული პოზიტიური შედეგების გაზომვა და დოკუმენტურად დადასტურება. თუმცა, ზოგიერთ ეკონომიკურ პირობებში ამ კრიტერიუმების გამოყენებას მთელი რიგი შეზღუდვები აქვს, რასაც იწვევს მოგების მაქსიმიზაციის სტიმულების უქონლობა (მისი დამალვა); დანახარჯების შემცირება პერსონალის შეკვეცის ან დაბალი ხარისხის ნედლეულისა და მასალების გამოყენების გამო; საინვესტიციო რესურსების არამიზნობრივად გამოყენება; ფინანსური რესურსების ნაკადების კონტროლის უქონლობა და ა.შ.

ამგვარად, ფირმის რესტრუქტურიზაცია ეფექტიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ მაშინ, თუ დოკუმენტურად შეიძლება იმის დამტკიცება, რომ შემოთავაზებულ ცვლილებათა ხორცშესხმამ უზრუნველყო სტრატეგიული მიზნების მიღწევა საშუალოვადიან პერსპექტივაში (გასაღების ბაზრის გაფართოება, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და გაყიდვათა მოცულობის გადიდება). თუ ფირმის შემოსავლები უცაბედად მატულობს სასაქონლო - მატერიალური მარაგების გაყიდვის შედეგად, ეს ერთჯერადი მოვლენაა და რესტრუქტურიზაციის კრიტერიუმად იგი არ გამოდგება.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს ეკონომიკური ტრანსფორმაცია:  დამოუკიდებლობის 20 წელი. შუალედური ანგარიში. EI-LAT 2012 „ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისი“. გვ. 111-112
  2. Экономика предприятия. Учебник. Под ред. В. Я. Горфинкеля, В. А. Швандара. «ЮНИТИ – ДАНА» М.: 2007,
  3. http://www.georgianreforms.com/
  4. http://www.ghn.ge/print.php?print=92634


[1] Экономика предприятия. Учебник. Под ред. В. Я. Горфинкеля, В. А. Швандара. «ЮНИТИ – ДАНА» М.: 2007, С. 301

[2] ელ. რესურსი: http://www.georgianreforms.com/

[3] საქართველოს ეკონომიკური ტრანსფორმაცია:  დამოუკიდებლობის 20 წელი. შუალედური ანგარიში. EI-LAT 2012 „ევროპული ინიციატივა-ლიბერალური აკადემია თბილისი“. გვ. 111-112

[4] იქვე.  გვ. 41

[5] სოლომონ პავლიაშვილი ხელისუფლებას სახელმწიფო ჰოლდინგის შექმნას სთავაზობს.  საქართველო, თბილისი - სამშაბათი 13:59 04.12.2016. ელ. რესურსი: http://www.ghn.ge/print.php?print=92634